გური მენაბდიშვილი - ნარკოტიკურ საშუალებებთან მიმართებაში, განვითარებულ ქვეყნებში პრევენცია სკოლის ასაკიდანვე იწყება
ნარკოტიკურ საშუალებებთან მიმართებაში, განვითარებულ ქვეყნებში პრევენცია სკოლის ასაკიდანვე იწყება, – განაცხადა ნარკოლოგმა, გური მენაბდიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ამ ქვეყნებში სკოლის ყველა მოსწავლემ იცის, ამა თუ იმ ნივთიერების ზედოზირების შემთხვევაში, ადამიანს როგორ დაეხმაროს. მათ ყველაფერი იმდენად კარგად აქვთ შესწავლილი, რომ ცნობენ კიდეც, რა ნივთიერების მოხმარებასთან აქვთ საქმე. ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, უკვე პიროვნების გადასაწყვეტია, ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს თუ არა“, – განაცხადა მენაბდიშვილმა.
ამ განცხადებით გური მენაბდიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით.
„როცა ეს სხვას ეხება, ამაზე საუბარი აქედან, ტელევიზიიდან ძალიან მიმძიმს, მაგრამ როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდების მეგობართა მონათხრობებიდან ჩანს, გარკვეულ შეცდომებს ჰქონდა ადგილი, რაც ერთგვარი უცოდინრობის შედეგია“, – განაცხადა მენაბდიშვილმა.
გური მენაბდიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოსა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ყველა ნივთიერებას შესაბამისი ქიმიო-ტოქსიკოლოგიური კვლევა უტარდება და ყველა შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა იდება, თუ რა ნივთიერებაა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება.
„ეს ინფორმაცია აბსოლუტურად საჯაროა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამ ორ დაწესებულებას მიმართოს და მათ ინფორმაციას არა მხოლოდ რაოდენობის მიხედვით, არამედ ნივთიერების დასახელების მიხედვით მიაწვდიან“, – განაცხადა მენაბდიშვილმა.
ამ განცხადებით გური მენაბდიშვილმა „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წევრს, დავით სუბელიანს უპასუხა, რომელმაც გადაცემაში განაცხადა, რომ პრეპარატები, რომლებსაც პოლიცია მომხმარებლებისგან ყოველდღიურად ამოიღებს, სახელმწიფოს მიერ უნდა იტესტებოდეს და შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია ეძლეოდეს, ბაზარზე რა ახალი პრეპარატი გამოჩნდა.