გური მენაბდიშვილი - ფენტალინი მორფინზე და ჰეროინზე ასჯერ ძლიერია, ანესთეზიოლოგები მას სხვა ნივთიერებებთან ერთად, საანესთეზიო საშუალებადაც კი გამოიყენებენ
ფენტალინი იმდენად ძლიერი პრეპარატია, რომ ის მორფინზე და ჰეროინზე ასჯერ ძლიერია და ანესთეზიოლოგები მას სხვა ნივთიერებებთან ერთად, საანესთეზიო საშუალებადაც კი გამოიყენებენ, – ამის შესახებ ნარკოლოგმა, გური მენაბდიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მეფედრონი, იგივე აბაზანის მარილი და ფენტალინი განსხვავებული ნარკოტიკული საშუალებებია. მეფედრონი ფსიქოსტიმულატორია, ფენტალინი კი კლასიკური ნარკოტიკული საშუალება“, – განაცხადა მენაბდიშვილმა.
მისი თქმით, გარდაცვლილი ადამიანების ახლობლების მიერ აღწერილი კლინიკა, რაც ძილიანობას, შემდეგ კი ძილში გარდაცვალებას უკავშირდება, ერთ-ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ ამ ეტაპზე ნაყიდ ე.წ. აბაზანის მარილში შესაძლოა, ფენტალინიც იყოს.
„არ არის გამორიცხული, ფენტალინის გარდა სხვა ნივთიერებებიც იყოს. თუმცა, ასევე არ გამოვრიცხავ, სტრუქტურაშეცვლილი აბაზანის მარილი, ე.წ. მეფედრონი იყოს. აქ მთელი სქემა მუშაობს. გამსაღებელთა კრეატიული აზროვნება კანონმდებლობას კვალდაკვალ მიჰყვებოდა და თუ რომელიმე ნივთიერება კანონმდებლობაში შევიდოდა, მას მხოლოდ ერთ ფორმულას შეუცვლიდნენ და ის აბსოლუტურად ლეგალური ხდებოდა“, – განაცხადა მენაბდიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მიხვდეს გვერდით მყოფი, რომ ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების გამო ადამიანს მედპერსონალის ჩარევა სჭირდება და რა პირველადი დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს მას, ნარკოლოგმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, პაციენტს მოდუნების, კონტაქტის დაკარგვის საშუალება არ უნდა მისცენ და ნებისმიერი გზით უნდა ეცადონ, სიფხიზლე შეუნარჩუნონ.