გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იკვეთება, რომ ფაილების გამავრცელებლის მიზანი სახელმწიფოსა და ეკლესიის დისკრედიტაცია იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა გამოქვეყნებული ჩანაწერები ავთენტური, იკვეთება, რომ ფაილების გამავრცელებლის მიზანი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობების დისკრედიტაცია იყო.
ჟურნალისტებთან საუბარში გურამ მაჭარაშვილი სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ყოველდღიურად ცხადდება, რომ ე.წ. ფაილების გამოქვეყნების მიზანი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო.
„საქმის გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს ინტერესებში შეიძლება იყოს აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებული საქმის გამოძიება, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“. არაერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ ვიცავთ იმ სტანდარტს, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა ჰქვია. გრიგოლ ლილუაშვილი ამ სამსახურს საკმაოდ ეფექტურად უძღვება, ეს სამსახური არის ის სახელმწიფო უწყება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც ასე მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
ამ ინსტიტუტს მხარდაჭერა სჭირდება და არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, რომ მას ზიანი მიადგეს“, – აცხადებს მაჭარაშვილი.