კახა კუჭავა ფარულ ჩანაწერებზე - არც ერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი
კახა კუჭავა ფარულ ჩანაწერებზე - არც ერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი

არც ერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი, ჩვენ აქ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, აუცილებელია საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა, რომ გამოძიების მიმართ სანდოობა იყოს მაღალ დონეზე, ხოლო თუ რამე დამატებითი კითხვა დარჩება, აუცილებლად უნდა ჩატარდეს აქ არა მხოლოდ მოსმენა, არამედ ნებისმიერი ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატ სალომე სამადაშვილს, რომელმაც ბიუროს სხდომაზე, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარების საკითხი დააყენა.

„ჩვენ შეგვიძლია, მოვიკითხოთ, რა ეტაპზეა გამოძიება გამომდინარე იქიდან, რომ იქნება საშუალება, დაისვას კითხვები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მოსმენა ამ საკითხთან დაკავშირებითაც. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია, თუნდაც, ბიუროს შემდეგ მოვიკითხოთ, რა ეტაპზეა გამოძიება, არის თუ არა შესაბამისი ღონისძიებები საკმარისად გატარებული, რომ ამ ეტაპზე მიღწეული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჩვენ ჩავთვალოთ, რომ დამატებით უკვე პარლამენტში ამის მოსმენა იქნება სასარგებლო. კითხვებზე პასუხი მოვისმინოთ, რა თქმა უნდა, მოვისმენთ კიდეც და მოვიწვევთ კიდეც ყველას, ვისაც ჩავთვლით ჩვენ პარლამენტი საჭიროდ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.