გურამ მაჭარაშვილი - საშინაო და საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, რასაც აღასრულებს მთავრობა, პრეზიდენტი თუ უცხოეთში შეხვედრებს გამართავს, შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, რასაც შემდეგ აღასრულებს მთავრობა და თუ პრეზიდენტი უცხოეთში შეხვედრებს გამართავს, ეს უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ფუნქციები კონსტიტუციაშია გაწერილი.
„საზოგადოებისთვის უხერხულიც კი არის იმის ამდენჯერ ახსნა, რა ფუნქციები აქვს პრეზიდენტს. არავინ აკნინებს იმას, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს მათ შორის პირადი რესურსი გამოიყენოს საქართველოს სასარგებლოდ, რაც არაერთხელ გაუკეთებია და იმედია, ამას გააგრძელებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფუნქციების აღრევა შეიძლება, მოხდეს პრეზიდენტისა და მთავრობის ფუნქციებს შორის. ის, რომ პრეზიდენტს უცხოეთში გარკვეული შეხვედრები უნდა ჰქონდეს, ეს კონსტიტუციის შესაბამისად შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან.
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, რასაც შემდეგ აღასრულებს მთავრობა და თუ პრეზიდენტი უცხოეთში შეხვედრებს გამართავს, ეს უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობასთან. ჩვენ არავისთან კონფრონტაციას არ ვეძებთ, ეს არ არის ჩვენი სტილი. გვინდა, ჯანსაღი ურთიერთობა იყოს ყველა ორგანოსთან, მათ შორის ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუციასთან, როგორიც პრეზიდენტია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უცხოეთში შეხვედრებს გამართავს, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებზე მთავრობის თანხმობა უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წლიური ანგარიშის დროს აღნიშნა, მას ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე უარი ეთქვა და ამის გამო პირადი შეხვედრები გამართა.