გურამ მაჭარაშვილი - „ჰიუმან რაითს ვოჩის“ დასკვნაში გარკვეული ტიპის უზუსტობებია
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „ჰიუმან რაითს ვოჩის“ დასკვნაში გარკვეული ტიპის უზუსტობებია.
„20 ივნისის თემაზე ჩვენ ყოველთვის გვექნება ისეთი კომენტარი, რომელიც პრაქტიკულად ეჭვის ქვეშ აღარ აყენებს იმ პროცესებს, რაც ამ დროს მოხდა. ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც ბატონმა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა აღიარა და ინანა კიდეც, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიყვანილი არ იყო. ამით პრაქტიკულად კითხვის ნიშნები მოხსნა ამ პროცესებთან დაკავშირებით“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
მისი თქმით, „ჰიუმან რაითს ვოჩი“ ყველა ქვეყანაში იკვლევს პროცესებს.
„ამისთვის არსებობს და კრიტიკული მიდგომები აქვს ზოგადად ყველა ქვეყანაში, არა მხოლოდ საქართველოში და ამა თუ იმ მოვლენას კრიტიკულად აფასებს. მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ დასკვნაში არსებობს გარკვეული ტიპის უზუსტობები.
მაგალითად ის, დასკვნაში წერია, რომ დისპროპორციული ძალა იყო გამოყენებული ამ მოვლენების დროს. ჩვენ ახლა შეგვიძლია, თავისუფლად ვთქვათ, რომ ხელისუფლების დამხობის პროცესში პოლიციელების მხრიდან დისპროპორციული ძალა იყო გამოყენებული. დასკვნაში იქვე წერს, რომ 80 პოლიციელი დაზარალდა. თუ თითო-ოროლა ადამიანი იღებდა ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობას პოლიციელების მიმართ, მხოლოდ ფარებს ართმევდნენ და მეტი დესტრუქცია არ იყო, მაშინ ალოგიკურია, როცა წერია დასკვნაში, რომ 80 პოლიციელი დაზარალდა.
ალბათ, ეს არის არასწორად მიწოდებული ინფორმაციის ბრალი. ბუნებრივია, ჩვენ იმ რეკომენდაციებს, რაც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დარღვევასთან, აუცილებლად გავითვალისწინებთ. თუმცა, თუ არის უზუსტობები, ამასაც ვიტყვით, რომ უზუსტობებია, რათა თავად ეს ორგანიზაცია შემდგომში შეცდომაში არ შევიდეს“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
„ჰიუმან რაითს ვოჩი“ თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ 2019 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა. „ივნისში მეტწილად მშვიდობიანი აქციები ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა. დაშლისას მრავალი ადამიანი დაშავდა და ბევრიც დააკავეს. პასუხისმგებლობის პროცესი მეტწილად ცალმხრივად წარიმართა. პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ხოლო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ ეს ინიციატივა, მოგვიანებით, კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და არსებული შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას, რომელიც მმართველი პარტიისთვის უპირატესად ხელსაყრელია. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები, რაც რისკს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებას; მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე; გაუმართლებლად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა; ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია“, – აცხადებენ „ჰიუმან რაითს ვოჩში“.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა სამართალდამცავთა დაუსჯელობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება“.