„ჰიუმან რაითს ვოჩი“ - რუსეთში მედპერსონალი, პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომებით უკმაყოფილების ხმამაღლა გამოხატვის შემთხვევაში, ანგარიშსწორების საფრთხის წინაშე დგას
„ჰიუმან რაითს ვოჩი“ - რუსეთში მედპერსონალი, პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომებით უკმაყოფილების ხმამაღლა გამოხატვის შემთხვევაში, ანგარიშსწორების საფრთხის წინაშე დგას

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, „ჰიუმან რაითს ვოჩი“ რუსეთში მედპერსონალის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მედპერსონალი, რუსეთში არსებული უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გამოთქმული უკმაყოფილების შემთხვევაში, დამსაქმებლებისა და სამართალდამცველების მხრიდან მუქარისა და ანგარიშსწორების სამიზნე ხდება.

„ჰიუმან რაითს ვოჩის“ ინფორმაციით, რუსეთში არსებული საფრთხის შემცველი გარემოებები მოიცავს სამედიცინო დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობას, რომელიც „კოვიდ-19“-ის ინფიცირებული ან საეჭვო პაციენტებთან კონტაქტისას გამოიყენება.

ანგარიშში ნახსენებია, რომ ქვეყანაში დამცავი აღჭურვილობის ყველაზე დიდი ნაკლებობა მაისში და აპრილში იყო, თუმცა მთავრობის დაპირებების მიუხედავად, მედპერსონალი იგივე გამოწვევებს დღესაც აწყდება.

„მედპერსონალს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ამხილოს საფრთხის შემცველი გარემოებები დაშინების, სამსახურიდან გათავისუფლების ან გასამართლების გარეშე“, – წერს „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დანაყოფის ხელმძღვანელი ჰიუ უილიამსონი.