რომან კაკულია - არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც თავს ოპოზიციონერებს უწოდებენ და ხელისუფლების იმიჯის გასანულებლად ყველაფერს აკეთებენ
რომან კაკულია - არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც თავს ოპოზიციონერებს უწოდებენ და ხელისუფლების იმიჯის გასანულებლად ყველაფერს აკეთებენ

ასეთი ტიპის ანგარიში მიანიშნებს იმ სექტორებზე, სადაც დამატებითი ყურადღებაა საჭირო, პრობლემა არსებობს, მაგრამ ობიექტურობა ყოველთვის არ არის, გაზვიადებული თემაა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ „ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა „ქვეყნის ხელისუფლების იმიჯი ნებისმიერი მეთოდებით გაანულონ“.

„რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ანგარიში ყოველთვის მიანიშნებს იმ სექტორებზე, სადაც დამატებითი ყურადღებაა საჭირო. ამ დონის განვითარების ქვეყანაში რა ტიპის პრობლემებიც შეიძლება იყოს, მეტნაკლებად ყველა პრობლემა არსებობს და მთავრობამ ამაზე აქცენტი უნდა გააკეთოს. მაგრამ სამართალდამცველები კი არ არიან ამ ქვეყნის ყველაზე მთავარი პრობლემა, თუ რიგითობაზეა საქმე, პრობლემა ნამდვილად არის, სამწუხაროდ, არიან ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციონერებს უწოდებენ და ხელისუფლებაში დაბრუნებას საზოგადოებაში ავტორიტეტის ამაღლებით კი არ ცდილობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყნის ხელისუფლების იმიჯი ნებისმიერი მეთოდებით გაანულონ. სამწუხაროდ, ამ პრინციპს და ვერტიკალს ვიცნობ და შემიძლია, რამოდენიმე ადამიანი წარმოვიდგინო კიდეც, რა ტექსტით მიიღო მონაწილეობა ამ ანგარიშის ფორმირებაში. საზოგადოება  უნდა მიხვდეს, რომ ადამიანები, რომლებიც გარედან ცდილობენ დასაყრდენის მოძიებას, რათა შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ერთხელ უკვე არ გამოადგნენ ამ ქვეყანას. ეს გაკვეთილი უნდა გავიგოთ. რაც შეეხება ხელისუფლების შეცდომებს, მიუღწეველ მიზნებს და დაშვებულ უზუსტობებს, რა თქმა უნდა, ამის დანახვა აუცილებელია“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშში, რომელშიც საქართველოში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი, ცალკე თავი ეთმობა სამართალდამცავთა დაუსჯელობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება“.