„ჰიუმან რაითს ვოჩი“ - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცავთა დაუსჯელობა საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება
„ჰიუმან რაითს ვოჩი“ - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცავთა დაუსჯელობა საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშში, რომელშიც საქართველოში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი, ცალკე თავი ეთმობა სამართალდამცავთა დაუსჯელობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება“.

„დაფინანსების არქონის მიზეზით ხელისუფლებამ ორჯერ გადადო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ ამოქმედება, რომელიც სამართალდამცავთა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოსაძიებლად შეიქმნა 2018 წელს. ამ სამსახურმა ფუნქციონირება 2019 წლის პირველ ნოემბერს დაიწყო.

2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლის სამართლებლივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა.

20 ივნისის ღამეს პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ. ამ პროტესტის მიზეზი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციის ყოფნა გახდა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმის ფარგლებში ეწვია საქართველოს.

ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადა, რა დროსაც პოლიციას აღჭურვილობას ართმევდა და აზიანებდა. სხვა მხრივ პროტესტი მეტწილად არაძალადობრივი იყო. სპეცდანიშნულების დანაყოფებმა, რომლებმაც თავიდან თავშეკავება გამოიჩინეს, შუაღამეს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს დემონსტრანტებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ისინი მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ხალხს, ვინც შეკრებას ცდილობდა.

240 ადამიანს, მათ შორის 80 პოლიციელსა და 32 ჟურნალისტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება მიღებული დაზიანებების გამო. ბევრი მოქალაქე დაიჭრა რეზინის ტყვიებით თავში, ფეხებსა და ზურგში. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, ხოლო სასამართლომ 121 დემონსტრანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა.

ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა. დაიწყო რა გამოძიება მასობრივი არეულობის მოწყობაზე, სულ ცოტა, 19 ადამიანს წარედგინა ბრალი, რომელთაგან 15 წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა ამ ანგარიშის მომზადების დროს. ოპოზიციონერ პარლამენტარ ნიკა მელიას შინაპატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და მხოლოდ ოთხი მოქალაქე ცნო, რითაც ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა წაართვა. ნოემბერში, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულად კიდევ სამი ადამიანი იქნა ცნობილი.

პროკურატურამ სამ პოლიციელს წარუდგინა ბრალი უფლებამოსილების გადამეტების და დაკავებული დემონსტრანტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. სამივე პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პოლიციელს გამოუცხადა საყვედური გადაცდომებისთვის, ხოლო ორი საქმე პროკურატურაში გადააგზავნა. პროკურატურამ სახალხო დამცველს მისცა უფლებამოსილება გასცნობოდა სამართალდამცავთა მოქმედებებზე მიმდინარე გომოძიების მასალებს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა. „ივნისში მეტწილად მშვიდობიანი აქციები ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა. დაშლისას მრავალი ადამიანი დაშავდა და ბევრიც დააკავეს. პასუხისმგებლობის პროცესი მეტწილად ცალმხრივად წარიმართა. პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ხოლო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ ეს ინიციატივა, მოგვიანებით, კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და არსებული შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას, რომელიც მმართველი პარტიისთვის უპირატესად ხელსაყრელია. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები, რაც რისკს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებას; მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე; გაუმართლებლად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა; ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია“, – აცხადებენ „ჰიუმან რაითს ვოჩში“.

დატოვე კომენტარი