ევროკომისარი მაიკლ მაკგრატი - საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ განაგრძონ დემოკრატიული ევროპული მომავლის მოთხოვნა. ისინი იცავენ თავიანთ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს იმ საფრთხის მიუხედავად, რომელსაც შეიძლება, წააწყდნენ, – ამის შესახებ ევროკომისარმა მაიკლ მაკგრატმა ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველო დემოკრატიულ ნორმებს შორდება.
„ის, რასაც ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე“, – განაცხადა მაკგრატმა.
ამასთან, ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის 4 ნოემბრის გაფართოების ანგარიშმა მკაფიოდ შეაფასა საქართველოს დემოკრატიული რეგრესი, ისევე როგორც ხელისუფლების ანტიევროკავშირის რიტორიკა.
„ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის. კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია, შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის ინსტრუმენტად გამოყენება და სამოქალაქო სივრცის დახურვა – ეს ყველაფერი ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინს კანდიდატი ქვეყნისგან. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი როდესაც მიენიჭა, იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა ძლიერი სტიმული ხელისუფლებისთვის, რათა განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, მაგრამ ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს მოქალაქეების ევროპული მომავალი მოეკლა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაფართოების ანგარიში აღიქვას როგორც შესაძლებლობა გააზრებისთვის, კურსის შესაცვლელად, ნდობის აღსადგენად და ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად. საქართველოს მომავალი, საბოლოო ჯამში, მათ ხელშია“, – განაცხადა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მხოლოდ ნეგატიური ტენდენციები დაადასტურა.
„გასულ თვეს მმართველმა პარტიამ შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი სამი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ და სისხლის სამართლებრივი ბრალდებები წარუდგინა ოპოზიციის ფიგურებს. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობა გაძლიერდა. მმართველმა უმრავლესობამ კი, დამატებითი ნაბიჯები გადადგა, რათა კრიმინალიზებული იყოს აქციებში მონაწილეობა. იმავდროულად, მაღალჩინოსნები შეუერთდნენ მმართველ პარტიას და მის აფილირებულ მედიას ანტიევროკავშირის რიტორიკისა და დეზინფორმაციის გაძლიერებაში, რომელიც აშკარად მიზნად ისახავს ევროკავშირის იმიჯისა და სანდოობის შელახვას ქართველ მოქალაქეებს შორის. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გავატარეთ. შევამცირეთ ჩვენი პოლიტიკური ჩართულობა ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ ორმხრივი დახმარება, რომლითაც ისინი უშუალოდ სარგებლობდნენ“, – აღნიშნა მან.
მაიკლ მაკგრატის განცხადებით, საქართველო განაგრძობს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის იმ კრიტერიუმების დარღვევას, რომლებიც უვიზო რეჟიმის პირობებს წარმოადგენს. მისივე თქმით, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიში ამ კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.
„წლის ბოლომდე კი, უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი წესები ძალაში შევა. ახალი წესები მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იმავდროულად, ჩვენ მობილიზებული გვაქვს ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდაჭერის გასაზრდელად. გასულ წლის ოქტომბრიდან დამატებით 24 მილიონი ევრო გამოიყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად საქართველოში.
მზარდი რეპრესიული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების დახმარებას. უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებული იყვნენ ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერის შესახებ მათი საზოგადოებისთვის, იმ დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, რომლებსაც ვიცავთ და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მზად ვართ, შევთავაზოთ მათ ქვეყანას, თუ ხელისუფლება თავის მიმდინარე კურსს შეცვლის.
დასასრულს, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჩვენი კარი კვლავ ღია რჩება საქართველოსთვის, თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის კურსს შეცვლის და გამოხატავს მტკიცე ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ“, – განაცხადა მაიკლ მაკგრატმა.