გურამ მაჭარაშვილი – მშვიდობიან აქციაზე არავინ საუბრობს, აქცენტია ძალადობრივ აქციაზე, როცა სხვის უფლებებს ხელს უშლიან, ადამიანის უფლებების კონვენცია მაშინ ახსენდებათ, როცა საქმე მათ ეხებათ
რადიკალური აქციების შინაარსი ჯერ 4 ოქტომბერს გადატყდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკამ ევრობიუროკრატები ამხილა, საბოლოოდ გადატყდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ, თუ მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოყოფილ ადგილზე მივლენ.
„გააპროტესტონ, რაც უნდათ. ეს არის დემოკრატია და არა ის, რომ სამი-ოთხი მილიონი ადამიანი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეაწუხოს. ეს დემოკრატია არ არის და ამაზე პასუხი გასცა ამერიკის პრეზიდენტმა, რომ რადიკალების მცირე ჯგუფი ვერც პოლიციას და ვერც სახელმწიფოს ვერ შეურაცხყოფს, თუ ამას გაბედავენ, მათ ოჯახებში გვამებს მიიტანენო. ეს ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებია და მაშინ ამერიკას დემოკრატია დავუწუნოთ. მშვიდობიან აქციაზე არავინ საუბრობს, აქცენტია ძალადობრივ აქციაზე, როცა სხვის უფლებებს ხელს უშლიან. ადამიანის უფლებების კონვენცია მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა საქმე მათ ეხებათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.