სერგი კაპანაძე - „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ დემოკრატიის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია
სერგი კაპანაძე - „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ დემოკრატიის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია

„ჰიუმან რაითს ვოჩმა“ ძალიან დეტალურად, კარგად და რაც მთავარია, სწორად აღწერა, რაც საქართველოში 2019 წელს ყველა მიმართულებით ხდებოდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ „ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

კაპანაძის აზრით, ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებზე ძალიან ცალსახადაა დაფიქსირებული პოზიცია, რომ იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელსაც პოლიციის მხრიდან დარბევა მოჰყვა, პასუხისმგებლობები კი არათანაბრად განაწილდა.

„იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც მართლაც იყვნენ პოლიციის მხრიდან ამ ძალადობრივი დარბევის მონაწილეები, პასუხისგებაში მიცემული არ არის, ხოლო არაპროპორციულად, მხოლოდ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილისთვის იყო სასჯელი გამოტანილი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, ასევე, ანგარიშში საუბარია, რომ ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი მედიის დევნა მიმდინარეობს.

„ამ მოხსენებაში, ასევე, ძალიან მკაცრადაა საუბარი იმის შესახებ, რომ მედიაგარემო შეიცვალა და რომ ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი მედიის დევნა მიმდინარეობს. აქ იგულისხმება როგორც „მთავარი“ და „რუსთავი2“-თან მიმართებაში გატარებული ნაბიჯები, ასევე „ტვ პირველი“. ამ მოხსენებაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოში დემოკრატიის კუთხით მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია. ეს ყველაფერი რომ გამოვასწოროთ, სწორედ ამისთვის არის საჭირო, ივანიშვილი 2020 წელს არჩევნების გზით შევცვალოთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშში, რომელშიც საქართველოში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი, ცალკე თავი ეთმობა სამართალდამცავთა დაუსჯელობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება“.