ვერის ბაღში, სადაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გუშინდელი შეხვედრის მონაწილეები დღესაც იმყოფებიან, პოლიციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ადგილზე გაარკვია, სამართალდამცველები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებს გამოკითხვაზე იბარებენ.
საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი დილიდან ვერის ბაღში იმყოფებოდა და ჟურნალისტებმა მასთან კომენტარის ჩაწერაც მოახერხეს. თუმცა, ამ დროისთვის ფალავანდიშვილები ვერის ბაღში არ აღმოჩნდნენ და სამართალდამცველებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ მათთვის გამოკითხვაზე დაბარების უწყება არ გადაუციათ.
საქმე ეხება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას.
შეგახსენებთ, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გუშინ, ვერის ბაღში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.
„ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული“,- განაცხადა ვასაძემ.
ამასთან, ვასაძემ პოლიციელებს მიმართა – „რაც გააკეთეთ კანცელარიასთან, აღარ გამოგივათ, არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ“.