გუგული მაღრაძე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას არ ეთანხმება
გუგული მაღრაძე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას არ ეთანხმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე პარლამენტის განათლების კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ  „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შინაარსს არ ეთანხმება.

მისი თქმით, კანონში ბავშვის განვითარების მიზნებში საუბარი იყო ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე. ცვლილებით, სიტყვა „ლიბერალური“ ამოღებული უნდა იყოს და მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებები რჩება.

„გუშინ განათლების კომიტეტზე მიღებული იქნა შესწორება „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში, რომელსაც არ ვეთანხმები. კანონში შედის შესწორება, რომლის მიხედვით ბავშვის განვითარების მიზნებში ჩამოთვლილი იყო ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე აზრის ერთ-ერთი მიზანი. კომიტეტის მიღებულ გადაწყვეტილებაში „ლიბერალური“ ამოღებულია და დარჩა მხოლოდ „დემოკრატიული ღირებულებები“. მიმაჩნია, რომ ეს არის გაუგებრობა და გაუცნობიერებლობა იმისა, რას ნიშნავს ლიბერალური დემოკრატია, რომელსაც ეყრდნობა მთელი დასავლური ცივილიზაცია“, – განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის, როგორც ამ ცივილიზაციის ნაწილისთვის, ახალი თაობის ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე აღზრდა უნდა იყოს მთავარი ამოცანა.

„ჩვენთვის ლიბერალური იდეები არ არის უცხო. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, რომელიც იყო ქართული საზოგადოების სინდისი და გონება, იყო ყველაზე მთავარი ლიბერალი. თავის დროზე, მას ებრძოდნენ ლიბერალიზმის გამო და შემდეგ წმინდანად იქნა აღიარებული. მიმაჩნია, რომ თუ ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს არ დავუჭერთ მხარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ილიას გზას ვერ მივყვებით. ეს არის ჩვენი განვითარების პირობა. ვფიქრობ, როცა კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გამოვა, მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ევროინტეგრაციაა ჩვენთვის მთავარი და ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულება არის ის, რაც საჭიროა ჩვენი ახალი თაობის თანამედროვე საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ტერმინი ლიბერალური დემოკრატია მთელ მსოფლიოშია მიღებული.

„ჩვენ რაღაც ახალ ველოსიპედებს ვერ გამოვიგონებთ. მთელ მსოფლიოს ესმის, რა არის ლიბერალური დემოკრატია. იყო დღეს საუბარი, დემოკრატია ხომ დავტოვეთო. დემოკრატია იყო ძველ ათენში, ძველ რომში, მაგრამ ის არ არის ლიბერალური დემოკრატია. იქ დემოკრატია ეხებოდა მხოლოდ განსაკუთრებულ რიცხვს ადამიანებისა, ლიბერალური დემოკრატია კი ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და თანაბარი უფლება აქვს“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე გუშინ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური“. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა  გუშინ განაცხადა, რომ განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის ბავშვთა კონვენციასთან შესაბამისად ჩამოყალიბებას და არა კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას.