მარიამ ჯაში - კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონის ბავშვთა კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას და არა კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებას 
მარიამ ჯაში - კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონის ბავშვთა კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას და არა კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებას 

განათლების კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონის ბავშვთა კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას და არა კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის მთავარი მიზანია კანონის უფრო დაახლოება ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან.

„ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენცია ყველაზე ფართოდ რატიფიცირებული საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტია. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ პრინციპს, რომ ჩვენი კანონმდებლობა ბავშვის უფლებათა კონვენციას უფრო დაუახლოვდეს. რაც შეეხება კონკრეტულად ლიბერალულ-დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ჩანაწერის შეცვლას. აღნიშნულთან დაკავშირებით არა მხოლოდ კომიტეტის წევრებს ჰქონდათ შენიშვნა, არამედ განათლების სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს. ჩვენმა კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს კონვენციასთან ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისობაში მოყვანას, ხოლო მეორე მოსმენისთვის განათლებისა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართება, რომელშიც ასევე ჩაერთვება გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი“, – განაცხადა ჯაშმა.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს და კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.