გუგლის, ნასასა და ოკ-რიჯის ეროვნული ლაბორატორიის წამყვან მკვლევართა ჯგუფი ოფიციალურად აცხადებს, რომ მიაღწიეს კვანტური უზენაესობის ტექნოლოგიურ ეტაპს.
ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები განმარტავენ, როგორ შექმნეს კვანტური პროცესორი, რომელსაც კომპლექსური კომპიუტერული დავალებების შესრულება დაახლოებით 3 წუთში შეუძლია. შედარებისათვის გეტყვით, რომ იგივე დავალების შესასრულებლად მოწინავე კლასიკურ სუპერკომპიუტერს 10 000 წელი სჭირდება.
დროში არსებული ეს უფსკრული წარმოადგენს რაღაც ისეთს, რასაც ფიზიკოსები და კომპიუტერული მეცნიერები უკვე დიდი ხანია პროგნოზირებდნენ — ზღვარი, რომელზეც კვანტური კომპიუტერები შეძლებენ ისეთი პრობლემების გადაჭრას, რაც ტრადიციულ ბინარულ კომპიუტერებს პრაქტიკული თვალსაზრისით არ შეუძლიათ.
ოკ-რიჯის კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, ტრევის ჰამბლის განცხადებით, ეს ექსპერიმენტი ადგენს, რომ დღევანდელ კვანტურ კომპიუტერებს შეუძლიათ აჯობონ სინთეზური ბაზის საუკეთესო ჩვეულებრივ კომპიუტერებს.
მისი თქმით, ამის ცდა ბევრმა სცადა, მაგრამ მათი ჯგუფი პირველია, რომელმაც ამ შედეგების დემონსტრირება რეალურ სისტემაზე მოახდინა.
ყველამ ვიცოდით, რომ ეს მომენტი დადგებოდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კვანტური უზენაესობა, როგორც კონცეპტი, უკვე ათწლეულებია არსებობს.
ალბათ გახსოვთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ინტერნეტში გაჟონა გუგლის კვლევის ამსახველმა დოკუმენტმა, რომლიც მსოფლიოს რევოლუციურ ამბავს აუწყებდა; ამჯერად, ეს კვლევა ოფიციალურად გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.
გაჟონილი კვლევის წყალობით, სხვა კვანტურ მკვლევრებს გუგლის ექსპერიმენტისა და თეზისის გაანალიზებისთვის დრო მიეცათ. თუმცა, ყველა როდია დარწმუნებული, რომ კვანტური უზენაესობის ეპოქა მართლაც დადგა.
ყველაზე სენსაციური კი ის არის, რომ IBM-ის მკვლევართა განცხადებით, გუგლის ექსპერიმენტში გამოყენებული ტრადიციული სუპერკომპიუტერი (IBM-ის უმძლავრესი მანქანა, სახელად Summit) საკმარისად ეფექტიანად არ გამოიყენეს და სწორედ ამიტომ მიიღეს 10 000-წლიანი დროის შუალედი.
IBM-ის მტკიცებით, ამავე ექსპერიმენტისთვის Summit-ის სხვაგვარად კალიბრაციის შემთხვევაში, იგივე დავალების საუკეთესო სიმულაცია კლასიკურ სისტემაზე შესრულდებოდა 2,5 დღეში.
ასეთი წინააღმდეგობები ამ კვლევასა და მასში გამოყენებულ კონცეპტებს ექსტრემალურ ტექნიკურ და ვიწრო სამეცნიერო ბუნებას სძენს. ამ ყველაფერს ისედაც პროგნოზირებდნენ.
გასულ თვეში, ამ თემაზე საუბრისას, როგორც სიდნეის უნივერსიტეტის კვანტური ინფორმაციის თეორეტიკოსი სტივენ ბარლეტი აცხადებდა, რაც არ უნდა გვჯეროდეს, რომ კვანტური ტექნოლოგიები ნებისმიერ ტრადიციულ კომპიუტერს დაჯაბნის, მაინც ძნელია იმის მტკიცება, რომ პროცესორთა განსაკუთრებული წყებით ვერ მივაღწევთ იმავე მიზნებს.
ბარლეტი ეჭვობდა, რომ კვანტური უზენაესობის პირველ პრეტენზიას მოჰყვება კამათის გრძელი პერიოდი, რომელშიც მეცნიერები გააფართოებენ ტრადიციულ სუპერკომპიუტერთა საზღვრებს, რათა იპოვონ გზები, რომლითაც იმავე დავალებებს შეასრულებენ.
ტექნოლოგიურად ბნელი ასეთი არეალები არის ველი, სადაც ეს დარგი ახლა შეიძლება გარკვეულ ხანს ფოკუსირდეს, მკვლევრებმა შეამოწმონ ტრადიციულ სუპერკომპიუტერთა ახალი ლიმიტები.
გუგლის თაოსნობით შექმნილი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრის, ბრუკს ფოქსენის განცხადებით, კლასიკური სიმულირების დრო, რომელიც ახლა დაახლოებით 10 000 წლით შეფასდა, სავარაუდოდ შემცირდება კლასიკური ტექნოლოგიური უზრუნველყოფისა და ალგორითმების გაუმჯობესების გზით. თუმცა, იქვე შენიშნავს, რომ მათი მიღწევა დროში 1,5 ტრილიონჯერ სწრაფია, რითაც ფრიად კმაყოფილები არიან.
მედიასთან საუბრისას, გუგლის უფროსმა მკვლევარმა ჯონ მარტინისმა აღნიშნა, რომ IBM-ის მხრიდან მათი მიღწევის შესახებ გაკეთებული მკვახე შეფასება ჰიპოთეტურია და დამტკიცებას საჭიროებს. მისივე თქმით, ამასობაში ისინი თავიანთ კვანტური კომპიუტერის დახვეწას გააგრძელებენ.
მიუხედავად თამამი განცხადებებისა და კონტრპასუხებისა, თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ დებატებში ჩართული არიან კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ კვანტური უზენაესობა კარზეა მომდგარი.
გუგლის კვლევის კომენტირების ნაწილში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი უილიამ ოლივერი გუგლის მიღწევას ძმები რაიტების მიერ განხორციელებულ მსოფლიოში პირველ ფრენას ადარებს.
„მათი აეროპლანი პირველი საჰაერო სატრანსპორტო საშუალება არ იყო და არც ტრანსპორტირების პრობლემა გადაუჭრია. ის არც თვითმფრინავების ფართოდ გავრცელების პირველი მაცნე და არც ტრანსპორტის სხვა სახეობების დასასრულის დასაწყისის ნიშანი გამხდარა. თუმცა, ეს მოვლენა ისტორიაში დარჩა, როგორც ახალი საოპერაციო სისტემის წარმდგენი — თვითმავალი ფრენა საჰაერო ხომალდისა, რომელიც ჰაერზე მძიმე იყო. სწორედ ამას შევადარებდი გუგლის მიღწევას“, — აღნიშნავს უილიამ ოლივერი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nature.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.