გუგა ქაშიბაძე - ტყიბულის შახტში დაშავებულ სამ პაციენტს სერიოზული დამწვრობები აქვს
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრი მზად არის მინდელის შახტში დაშავებული პაციენტების მისაღებად.
მისივე ცნობით, სამ პაციენტს, რომელიც ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან თბილისში გადმოჰყავთ, სერიოზული დამწვრობები აქვს მიღებული.
„ჩვენი ინფორმაციით, თერმული დაზიანება მიიღო ექვსმა პაციენტმა. აქედან სამი პაციენტი უკვე გზაშია. გადმოჰყავთ კატასტროფის მედიცინის ცენტრის რეანომობილით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დამწვრობის ცენტრი მზად არის პაციენტების მისაღებად. ამ წუთებში მე ვარ საქმის კურსში იმ პაციენტებზე, რომლებიც გზაში არიან. პარალელურად ხდება ურთიერთობა იქაურ ექიმებთან. ამ სამ პაციენტს, რომლებიც გზაში არიან, სერიოზული დამწვრობები აქვთ. არამარტო დამწვრობა, არამედ სხვადასხვა პოლიტტრავმასთან გვაქვს საქმე. დამწვრობა სხვადასხვა ფართობია. არის ოთხმოცი პროცენტი, ორმოცდაათი და ოცდაათი პროცენტი, მეორე-მესამე ხარისხი. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება. უფრო დაწვრილებით პაციენტების შემოყვანის შემდეგ გვეცოდინება“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ტყიბულის საავადმყოფოში ამ დროისთვის ერთი პაციენტი რჩება.
მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.