დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა უკვე ათზე მეტმა პაციენტმა მიმართა
დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა უკვე ათზე მეტმა პაციენტმა მიმართა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პიროტექნიკით დაშავების შემთხვევები უკვე ფიქსირდება. საქართველოს პირველ არხთან საუბარში გუგა ქაშიბაძე განმარტავს, რომ დაახლოებით ერთი კვირაა, კლინიკას ათზე მეტმა პაციენტმა მიმართა. მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები.

ქაშიბაძის ინფორმაციით, ძირითადად ფიქსირდება მარჯვენა მტევნის დაზიანება. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იყო სახის დაზიანების რამდენიმე შემთხვევაც. გუგა ქაშიბაძე განმარტავს, რომ კლინიკაში მოთავსება არც ერთს არ დასჭირვებია.

„პიროტექნიკით დაშავების რამდენიმე შემთხვევა უკვე გვქონდა. რამდენიმე შემთხვევაა მოზრდილის, რამდენიმე ბავშვის. ძირითადად მტევნის დაზიანებებით. ძირითადად იყო მარჯვენა მტევნის დაზიანებებით, რამდენიმე შემთხვევა იყო სახის დაზიანებით. დაახლოებით ათზე მეტი შემთხვევაა წინასაახალწლოდ. აქედან ნახევარი, 50 პროცენტი ბავშვი იყო, 50 პროცენტი მოზრდილი. ყველა მათგანი ამბულატორიული შემთხვევა იყო, ანუ კლინიკაში დაწოლა არც ერთს არ დაჭირვებია. დეკემბერში მოხდა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც დაიცვან.

„ამის შესახებ ჩემი რეკომენდაცია არის ძალიან მკაცრი, რადგან ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ტრავმა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა.

თუ მაინც და მაინც გვინდა აფეთქება, უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც უნდა დავიცვათ. ძალიან ბევრ პეტარდას საერთოდ არ აწერია ინსტრუქცია, როგორ უნდა მოვიქცეთ, ან ისეთ ენაზე აწერია, რომლის წაკითხვაც რთულია.

ჩემი რჩევაა, რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, მით უმეტეს ბავშვები არ მიაკარონ ასაფეთქებელს. ეს არ არის საახალწლო საჩუქარი და სათამაშო, ეს არის საკმაოდ სერიოზული დენთის შემცველი ასაფეთქებელი, რომლის არასწორად გამოყენებამ, საკმაოდ სერიოზული ზიანი შეიძლება მოიტანოს. არც ერთი დაკარგული თითი არ ღირს არაფრად“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.