გუგა ქაშიბაძე - მინდელის შახტში დაშავებული ორი პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას უახლოეს პერიოდში დატოვებს
მინდელის შახტში დაშავებული ოთხი მეშახტე ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორი პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას უახლოეს პერიოდში დატოვებს.
„ორი მათგანი ისევ რჩება რეანიმაციის განყოფილებაში. მათთან დიდი ფართობის დამწვრობები გვაქვს. ერთ მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, მეორესთანაც იგეგმება ანალოგიური ქირურგიული ჩარევა. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. დანარჩენი ორი მამაკაცი სხვადასხვა განყოფილებაშია მოთავსებული და ისინი უახლოეს პერიოდში დატოვებენ სამედიცინო დაწესებულებას და დაუბრუნდებიან ოჯახებს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ქაშიბაძემ.
მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.