გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქადაგიძემ თანამდებობა დატოვეს.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ირაკლი ჭირაქაძემ და კოტე ქადაგიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით თავად მიმართეს.
„მე მომართა ორმა ადამიანმა, რათა შეჩერებულიყო მათი მოვალეობები, ეს არის მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, ისინი აღნიშნულზე გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას. მათ მომმართეს, რათა შეჩერებოდათ უფლებამოსილება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ დასკვნის ხმიედვით, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება.
გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.