გრიპის უნივერსალური ვაქცინა კლინიკური ცდების ბოლო ეტაპზე გადავიდა
გრიპის უნივერსალური ვაქცინა კლინიკური ცდების ბოლო ეტაპზე გადავიდა

გრიპის უნივერსალურ ვაქცინასთან შეიძლება, არცთუ ისე დიდი ხანი გვაშორებს — იმუნიზაციის ერთ მძლავრ საშუალებასთან, რომელიც მხოლოდ ერთი აცრით დიდი ხნის განმავლობაში დაგვიცავს გრიპის მრავალი სახის შტამისგან.

ასეთი აღმოჩენა შეიძლება ნამდვილი გრაალის თასი აღმოჩნდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის; ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მუხლჩაუხრელი კვლევის შემდეგ, ვაქცინა, სახელად FLU-v ახლახან კლინიკური გამოცდის ბოლო ეტაპზე გადავიდა.

მკვლევართა განცხადებით, შედეგები საკმაოდ შემაგულიანებელია, რადგან ვაქცინამ წარმატებით გაიარა კლინიკური ცდების I და II ფაზები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაზებში ცდები მხოლოდ ვაქცინის უსაფრთხოებას უტარდება, არსებობს მტკიცებულება, რომ ის შეიძლება, ეფექტიანიც იყოს.

175 ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანში ჩატარებული რანდომიზებულ, ორმაგი საკონტროლო მეთოდით, პლაცებო-კონტროლირებადი ცდების ბოლო ფაზაში აღმოჩნდა, რომ ინექცია ეხმარება ანტისხეულთა რეაგირებას და იმუნური სისტემის ცვლილებებს. მართალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად ვაქცინას გრიპისგან დაცვა შეუძლია, მაგრამ აქვს ამის ნამდვილად ძლიერ ნიშანი.

ფარმაცევტული კომპანია SEEK-ის მკვლევრის, ოლგა პლეგესუელოსის განცხადებით, FLU-v-ს მათ უკვე ოთხი კლინიკური ცდა ჩაუტარეს. მისივე თქმით, გაირკვა, რომ ვაქცინა ხელს უწყობს უჯრედულ და ანტისხეულთა რეაგირებას, რაც სხეულში იმუნიზაციის შემდეგ ექვსი თვის შემდეგაც შეიმჩნევა.

ასეთი ხანგრძლივი რეზისტენტულობა უბრალოდ შეუფასებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ სწრაფად შეუძლია ცვლილება გრიპის ვირუსს. ვირუსების ჯგუფი, რომელიც კოლექტიურად არის პასუხისმგებელი გრიპზე, იმდენად ფორმაცვალებადია, რომ მეცნიერებს ყოველ სეზონზე უსხლტებიან ხელიდან.

გრიპის ყოველ სეზონზე, მკვლევრებს უწევთ იწინასწარმეტყველონ მომავალი შტამები და შესაბამისი ვაქცინების შექმნა, მაგრამ ეს გამოუსადეგარია იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსი შუა სეზონში მუტაციას განიცდის ან უცაბედად გამოჩნდება მოულოდნელი შტამი.

ოლგა პლეგესუელოსის თქმით, წარსულში კვლევები ფოკუსირებული იყო „სუპერ-ანტისხეულის“ პოვნაზე. სწორედ ანტისხეულების საშუალებით მოქმედებს გრიპის წლიური ვაქცინები, რადგან ისინი თავისუფალ ვირუსებს ბოჭავენ და უჯრედში შეღწევის საშუალებას არ აძლევენ. სუპერ-ანტისხეული კი ზუსტად ის იქნებოდა, რომელიც გრიპის ყველა შტამს ამ გზით შეაჩერებდა.

თუმცა, ეს მიდგომა წარუმატებელი აღმოჩნდა და კვლევების ფოკუსმა თავად ვირუსზე გადაინაცვლა, სცადა მისი იმ ნაწილების ჩაჭერა, რომელიც შტამის მიუხედავად ერთი და იგივეა.

კომპიუტერული ალგორითმის გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა, გრიპის ვირუსის ცილის რომელი რეგიონები არ იცვლება დროთა განმავლობაში. ამის შემდეგ, მათ ეს მონაკვეთები გადარაზეს, თავად ვირუსს კი თავისუფლად მოძრაობის საშუალება მისცეს.

როგორც პლეგესუელოსი განმარტავს, ვაქცინა FLU-v შეიცავს ოთხ სხვადასხვა კომპონენტს გრიპის ვირუსის ოთხი სხვადასხვა რეგიონის წინააღმდეგ; შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის ცვლილების შემთხვევაში, დარჩენილი სამი ეფექტიანობას მაინც უზრუნველყოფს.

ვაქცინა მოქმედებს T-ლიმფოციტების გააქტიურების გზით, რომლებიც შემდეგ აფიქსირებენ გრიპის ვირუსის სპეციფიკურ რეგიონებს, შემდეგ კი იწვევენ მოვლენათა ჯაჭვს იმუნურ სისტემაში, რომელიც ინფექციას აჩერებს და ანგრევს.

„სამეცნიერო საზოგადოებას მრავალი წელი დასჭირდა იმის შესაცნობად, რომ T-ლიმფოციტების მიდგომა გამოსადეგია. 2009-2010 წლების პანდემიამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც ვირუსი შეხვდათ, მაგრამ დაცულები აღმოჩნდნენ, გახლდნენ ისინი, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ვირუსის რეგიონებში T-ლიმფოციტების რეაგირება“, — ამბობს ოლგა პლეგესუელოსი.

მას შემდეგ, რაც 2009 წელს H1N1-ის ახალი შტამები გამოჩნდა, ზოგიერთი კვლევა უკვე გადაჭრით მიუთითებდა, რომ T-ლიმფოციტები ნამდვილად კარგი სამიზნე იყო ამ მიმართულებით.

ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ T-ლიმფოციტებს შეუძლია შემოგვთავაზოს გრიპის ვირუსისგან დაცვის მრავალი გზა. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს იმასაც, რომ ამ გზით დავძლევთ ამჟამინდელ ვაქცინებში არსებულ შეზღუდვებს, რომლებიც მხოლოდ ანტისხეულებზეა დამოკიდებული და აქვს საკმაოდ შემოსაზღვრული მასშტაბები.

თუკი აღოჩნდა, რომ FLU-v ადამიანებში გრიპის წინააღმდეგ ეფექტიანია, ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი ამეშ ადალია აღნიშნავს, რომ მან შეიძლება ძალიან პოზიტიურად შეცვალოს დინამიკა ადამიანებსა და გრიპის ვირუსს შორის.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ვაქცინა კლინიკური ცდების III ფაზაში შესასვლელად მზად არის, რომელშიც მოხდება მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შემოწმება გრიპის ნამდვილი ვირუსის წინააღმდეგ, თანაც გაცილებით დიდი მასშტაბით. ჯგუფი ამჟამად მხოლოდ დაფინანსებას ელოდება.

ადილიას განცხადებით, ძველი ხუმრობაა, რომ გრიპის უნივერსალურ ვაქცინამდე ხუთი წელი გვაშორებს, მაგრამ მისი აზრით, ამჯერად ეს ვაქცინა ნამდვილად რეალური გახდება უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში.

კვლევა ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ისა და Live Science-ის მიხედვით.