გრიგოლ ვაშაძე - ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პოლიტიკური და თითიდან გამოწოვილია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„არაფერი არ მუშაობს ქვეყანაში, ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გარდა. აბსოლუტურად პოლიტიკური, თითიდან გამოწოვილი საქმე არის. ერთი მტკიცებულება არ არის, არც ვიდეო, არც ფოტო, არც მოწმე. ასეთი სამარცხვინო პროცესები საქართველოში უნდა დამთავრდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიღაც ბრძენმა, თეთრ პერანგში ჩაცმულ ოქრუაშვილს თავზე წითელი ისარი დაასვა, როგორ დაატარებს ხალხი ასე წინ და უკან ადამიანს. იქ არ ვყოფილიყავი მაინც დღის 12:00 საათიდა მეორე დილის 07:00 საათამდე. მონახონ გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პანდემია დამთავრდება და მიიღებენ საკადრის პასუხს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გაამართლა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო. პროცესის დასრულების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.