გრიგოლ ვაშაძე - 17-ჯერ და 117-ჯერ ვთქვით, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია გვინდოდა და მალე დავიშლებოდით
დავით კირკიტაძემ გამოხატა პროტესტი, მივა სასამართლოში და მისცემს ჩვენებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„მოქალაქეებს შეუზღუდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება, გადაადგილებისა და სიტყვის თავისუფლება. 17-ჯერ და 117-ჯერ ვთქვით, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია გვინდოდა და მალე დავიშლებოდით. მოგვიწყვეს უმსგავსობა, დააყენეს კორდონი გაუგებარი მიზეზების გამო. უსტატუსო ფარცხალაძე რატომ არ არის დაკავებული? ბატონმა დავითმა, კირკიტაძემ გამოხატა პროტესტი. მივა სასამართლოში და მისცემს ჩვენებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დავით კირკიტაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის სახლთან დილით პოლიცია იყო მობილიზებული. კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ველისციხეში აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.