ნათია მეზვრიშვილი - ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით
ნათია მეზვრიშვილი - ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით

ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შსს გუშინ მთელი ღამის განმავლობაში სწავლობდა ყველა ვიდეომასალას და ინფორმაციას, რომელიც ველისციხეში აქციასთან დაკავშირებით გავრცელდა, რათა სამართალდამცველ უწყებას თითოეული ქმედებისთვის მიეცა სამართლებრივი შეფასება.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ყველა პირი უკვე დავაიდენტიფიცირეთ, მოხდება ზოგის დაბარება საგამოძიებო ორგანოში, ზოგის მიმართ, სადაც სათანადო სამართლებრივი საფუძველი იქნება, გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში.

„გუშინ, იმ დანაშაულებრივ ფაქტებს საზოგადოება კარგად ხედავდა. ადგილი ჰქონდა პოლიციაზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრებზე თავდასხმასა და მუქარებს. საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ჩამდენები, ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები ეტაპობრივად დღის განმავლობაში წარიმართება, ისევე, როგორც ხვალ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი მოვლენების შემდეგ გასაკვირი არ არის, რატომ დაინტერესდა გამოძიება დავით კირკიტაძით. „რაც შეეხება ბატონ კირკიტაძეს, თუ ვინმემ ნახა, გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა – პოლიციაზე თავდასხმას და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი კირკიტაძით. ბატონი კირკიტაძე ალბათ მიიღებს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებებში იღებს დავით კირკიტაძე მონაწილეობას. „თუმცა იმ ვიდეოჩანაწერებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებამ გუშინ იხილა, პოლიციას ინტერესი აქვს კანონის ფარგლებში. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის. არამხოლოდ კირკიტაძეზეა საუბარი, იქ სხვა ადამიანები იყვნენ და ჟურნალისტებს უშლიდნენ საქმიანობაში ხელს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დავით კირკიტაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის სახლთან დილით პოლიცია იყო მობილიზებული. კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ველისციხეში აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.