პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია და გრაფიკული ვიდეო ვრცელდება.
„ჩვენი მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტის – ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, უკვე მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის, 21 ხიდისა და 5 გვირაბის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია.
ივნისის ბოლოს დასრულდება უშუალოდ რიკოთის უღელტეხილზე – ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 52 კმ-იანი სიგრძის გზის, 96 ხიდის (საერთო სიგრძით 21 კმ) და 53 გვირაბის (საერთო სიგრძით 36 კმ) საპროექტო სამუშაოები, ხოლო მშენებლობა 2019 წლის იანვარში დაიწყება.
პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, 2021 წელს დასრულდება“, – აღნიშნულია პრემიერის გვერდზე „ფეისბუქში“.