2019 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის კომპონენტში, კრედიტის დაფინანსების ნაწილის 143.9 მლნ ლარით შემცირება იგეგმება, საბიუჯეტო სახსრების ნაწილი კი 36.7 მლნ ლარით გაიზრდება
2019 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის კომპონენტში, კრედიტის დაფინანსების ნაწილის 143.9 მლნ ლარით შემცირება იგეგმება, საბიუჯეტო სახსრების ნაწილი კი 36.7 მლნ ლარით გაიზრდება

საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის კომპონენტში, კრედიტის დაფინანსების ნაწილის 143.9 მლნ ლარით შემცირება იგეგმება, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაწილის – 36.7 მლნ ლარით გაზრდა. ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის ცვლილებების თაობაზე დღეს, პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წელს ამ მიმართულებით 707 მლნ ლარი დაიხარჯება, საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში კი, 455 მლნ ლარი.

მთავრობის განმარტებით, მიმდინარე წლის პროექტების შესრულების პროგნოზს, მათი განსაკუთრებული მასშტაბურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, კორექტირება სჭირდება და დაფინანსება ნაწილობრივ მომდევნო წლებში გადაინაცვლებს.

მთავრობის ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის ოთხივე კომპონენტზე, მიმდინარე წლის თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო 315.9 მლნ ლარის დახარჯვა, თუმცა პროექტის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი რიგი სირთულეებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ათვისებული იქნება ჯამში – 130 მლნ ლარამდე.

„2019 წელს მასშტაბური საგზაო პროექტები დაიწყო, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით. კომპლექსურობის გათვალისწინებით, რიკოთის მონაკვეთის ზოგიერთ კომპონენტზე პროექტის დონორული დაფინანსების ათვისებამ ნაწილობრივ გადაინაცვლა შემდეგ წლებში, თუმცა დონორული დაფინანსების ათვისების პროგნოზის შემცირების მიუხედავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ასათვისებელი ბიუჯეტი ჯამურად იგივე რჩება და ხდება საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში დასაფინასნებელი იმ პროექტების აქსელერაცია, რომლებიც გათვალისწინებული იყო საშუალოვადიან ჩარჩოში”, – განმარტავს მთავრობა.