2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება
2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წლისთვის ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები სრულდება.

სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მისი პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნენ.
„ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა, ეს არის მონაკვეთი, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალ წელს უნდა შევიდეს და ხაშურს ექნება შემოვლითი გზა. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განუყოფელი ნაწილი და პრაქტიკულად, ამ მონაკვეთების შემდეგ ვუახლოვდებით რიკოთის უღელტეხილს, სადაც მშენებლობა ასევე აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაშურის შემოვლითი გზის სამუშაოებზე დაახლოებით 400 ადგილობრივია დასაქმებული,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან არსებულ გზას შეურთდება. ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე ლოტის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. გზა ხაშურს, სურამსა და ჩუმათელეთს გვერდს ჩრდილოეთიდან ივლის და რიკოთის გვირაბთან გადის.

პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება: ოთხ ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, ხუთი გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.