გორის სამხედრო ჰოსპიტალი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მიიღოს
გორის სამხედრო ჰოსპიტალი დღეიდან ინფექციის მართვის კუთხით მუშაობის რეჟიმზე გადადის.
ბოქსირებულ განყოფილებაში კლინიკა 40 პაციენტის მიღებას შეძლებს.
კლინიკამ ინფექციური განყოფილების ბლოკი უკვე მთლიანად გამოათავისუფლა, დაკვირვების ქვეშ მყოფი 25 მოქალაქე წუხელ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 27 მოქალაქე რჩება, აქედან 11 სამხედრო პირია.
საკარანტინო სივრცეს დღეს 11 პირი დატოვებს.
„სამხედრო ჰოსპიტალი განაგრძობს არსებული პრობლემის მშვიდ სიტუაციაში მართვას. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა. საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ დაინფიცირებულ პაციენტებს. აქედან გამომდინარე, მოხდა მყისიერი რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით და გუშინ გაყვანილ იქნა 25 პაციენტი სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში. გამოვათავისუფლეთ ჩვენი ინფექციურის ბლოკი, სადაც შეიძლება განთავსდნენ პაციენტები. დღეის მდგომარეობით, საეჭვო პაციენტი არ მიგვიღია და ყველა ანალიზი უარყოფითია. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეს, 27 მოქალაქე რჩება. 14 დღის გასვლის შემდეგ, ისინი დატოვებენ კლინიკის საკარანტინო სივრცეს. რეალურად, ნებისმიერი პაციენტის შემოყვანა შეთანხმებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს შეიძლება იყოს საეჭვო ან დადგენილი შემთხვევა, და ჩვენ ვუმკურნალებთ. მკურნალობაც არის ერთიანი პრინციპით საქართველოში, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ტაქტიკით მიღებული“, – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბაროიანმა.