ნევროლოგი თენგიზ წულაძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, შეუძლია მეტყველებაც და სიარულიც, თუმცა სუსტად არის, არ შეუძლია ძალისმიერი მოქმედების შესრულება
ნევროლოგი თენგიზ წულაძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, შეუძლია მეტყველებაც და სიარულიც, თუმცა სუსტად არის, არ შეუძლია ძალისმიერი მოქმედების შესრულება

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის,  ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და გაუმჯობესებისკენ მიდის.

როგორც ექიმმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია გადაადგილებაც და მეტყველებაც.

„მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ვეთანხმებით ჩვენი კოლეგები რასაც აკეთებენ. ყველა პარამეტრი ჯერ ნორმალიზებული არ არის, განსაკუთრებით ნავროლოგიური პარამეტრები, მაგრამ მგონი, გაუმჯობესების პროცესშია. მთლად ყველაფერი მწყობრში რომ არ არის, იმიტომაც არის ახლა ამ კლინიკაში. მას სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტად არის, არ შეუძლია ძალისმიერი მოქმედების შესრულება“, – აღნიშნა ექიმმა.

ამასთან, კითხვაზე, შეძლებს თუ არა სააკაშვილი 29 ნოემბერს დაგეგმილ სასამართლო პროცესში მონაწილეობას, წულაძე აცხადებს, რომ აღნიშნულის ზუსტად თქმა, ახლა რთულია.

„29-მდე კიდევ ექვსი დღეა, მანამდე შეიძლება, მკვეთრად გაუმჯობესდეს. ეს წინასწარ ძნელი სათქმელია. შესაძლებელია, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და დაესწროს პროცესს, მაგრამ ეს ნათქვამი 100-პროცენტიანი არ არის. ექიმთა გუნდი მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ პარამეტრები დასტაბილურდა, მდგომარეობა უმჯობესდება“, – განაცხადა წულაძემ.