გოგა გულორდავა - წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია, ვიმედოვნებ, მანდატს წალენჯიხას მოახმარს
გოგა გულორდავა - წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია, ვიმედოვნებ, მანდატს წალენჯიხას მოახმარს

წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ გია ხარჩილავას არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ გულორდავა სოციალურ ქსელში წერს.

გოგა გულორდავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხარჩილავა წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია, იმედოვნებს, თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა, რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.

წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს“, – წერს გოგა გულორდავა.