წალენჯიხის სოფელ ეწერფერდის მოსახლეობამ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა
წალენჯიხის სოფელ ეწერფერდის მოსახლეობამ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა

წალენჯიხის სოფელ ეწერფერდის მოსახლეობამ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა. აქციაზე, რომელიც ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე გაიმართა, ხმაური და დაპირისპირება იყო.

ეწერფერდის მოსახლეობამ განაცხადა, რომ სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებით არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა.

აქციის მონაწილეებმა ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. პოლიციამ ორი მამაკაცი ტერიტორიიდან გაიყვანა.

აქციის მონაწილეებს შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა და ასევე წალენჯიხის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზაზა უბილავა, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე მხარი არ დაუჭირა ეწერფერდის გზის რეაბილიტაციას. მისი თქმით, პროექტში თანხა არ იყო მითითებული და ამიტომ არ დაუჭირეს მხარი.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, პროექტს საკრებულოში ისევ შეიტანენ და მომავალი წლის გაზაფხულიდან მისი განხორციელება დაიწყება. მანამდე კი, ხარჩილავას თქმით, საჭირო თანხების მოძიება მოხდება.

ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, ეწერფერდის მოსახლეობა აქციას პერიოდულად მართავს. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.