გოგა ჩანადირი - გავრილოვის საქართველოში შემოსვლა იყო სიბრიყვე ან გამიზნული პროვოკაცია
არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც გავრილოვი საქართველოში შემოვიდა და იქ დაჯდა, მაგრამ ჩემი აზრით, არის ორი გამოკვეთილი მიზეზი – სიბრიყვე ან გამიზნული პროვოკაცია, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა, გოგა ჩანადირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„როგორ შეიძლება, ქვეყანაში შემოუშვა და სიტყვა მისცე ადამიანს, რომელიც შენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს? კი, შესაძლოა, ტურისტი იყოს, მაგრამ როცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია, როგორ?“ – განაცხადა გოგა ჩანადირმა.
მისი თქმით, ძალიან საინტერესოა საბერძნეთის საკითხი, რა როლი აკისრია ამ ყველაფერში საბერძნეთის მხარეს.
„საერთოდ, „მართლმადიდებლური ასამბლეის“ შექმნა საბერძნეთის ინიციატივა იყო. საინტერესოა, ვინ მიუთითა გავრილოვს, იმ სავარძელში ჩამჯდარიყო და ვინ მისცა პროტოკოლს უფლება, გავრილოვი პრეზიდიუმის სავარძელში ჩაესვათ. იქნებ, მართლაც არაფერ შუაშია ჩვენი ხელისუფლება და იქნებ, ეს მართლაც სულ სხვაგან, რუსეთსა და საბერძნეთს შორის დაიგეგმა. მოდით, დავიწყოთ გამოძიება, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, რა როლი აკისრია ბერძნებს ამ პროვოკაციაში და ა.შ. თუ გვინდა, ამ პრობლემის სრული აგებულება შეიქმნას, მოდით, აქედან დავიწყოთ ლაპარაკი. ამ ყველაფერში რუსული კვალი ერთმნიშვნელოვნად სახეზეა და ეჭვი მეპარება ბერძნულ კვალზე. ამიტომ, ქართულ მედიას მოვუწოდებ, გამოიძიოს, საიდან გაჩნდა ბერძნული კვალი“, – განაცხადა გოგა ჩანადირმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა შექმნილ ვითარებაში შს მინისტრი, გოგა ჩანადირმა განაცხადა, რომ არ იცის, „ქართული ოცნება“ რატომ არ თანხმდება გიორგი გახარიას გადადგომას, ეს მარცხის აღიარებას ნიშნავს, თუ პირიქით – საკუთარი პოზიციის დაცვას.
„მე პოლიტიკურ პროცესში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, გახარიას გადადგომა დუღილის ტემპერატურას საკმაოდ დაწევდა“, – განაცხადა გოგა ჩანადირმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა პრობლემა განსხვავებული აზრის მიუღებლობა, მით უფრო მაშინ, როცა სიტუაცია გამწვავებულია, გოგა ჩანადირმა აღნიშნა, რომ ის პოლარიზების და რადიკალიზმის წინააღმდეგია.
„ეს ახალ კრიზისებს წარმოქმნის და კონტრაქციის ჩატარებაც ახალი კრიზისის წარმოქმნა იქნებოდა. ეს გახარიას არანაირად არ დაეხმარებოდა თანამდებობის შენარჩუნებაში და პირიქით, დაძაბულობის ახალ კერებს წარმოქმნიდა. რაც შეეხება ლანძღვას, გინებას დაპირისპირებას და განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენ საზოგადოებაში. მგონია, რომ ამ ყველაფერს ჯერ კიდევ არასაკმარის სამოქალაქო კულტურასთან მივყავართ“, – განაცხადა გოგა ჩანადირმა.