გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა.
„მიმდინარე წლის 24 ნოემბერს აჭარაში, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე. ასევე, პარლამენტის შენობებთან თბილისსა და ქუთაისში, თავდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და სხვა სახელმწიფო შენობებთან.
27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.