საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობა, მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიისას გარდაცვლილებს გლოვობს.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სახელმწიფო დროშები დაუშვეს პარლამენტის შენობებთან თბილისსა და ქუთაისში, ასევე თავდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და სხვა სახელმწიფო შენობებთან.

27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.