გლობალური დათბობის გამო, სოკოვანი პათოგენები სწრაფ და სახიფათო მუტაციებს განიცდიან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
გლობალური დათბობის გამო, სოკოვანი პათოგენები სწრაფ და სახიფათო მუტაციებს განიცდიან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ტემპერატურის მატების გამო, სოკოები მუტაციას იმგვარად განიცდიან, რომ არა მხოლოდ ჰიპერინფექციურები, არამედ პრეპარატებისადმი რეზისტენტულებიც ხდებიან.

ჩინეთის ქალაქ ნანკინის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევრის, ჯინჯინ ჰუანგისა და მისი კოლეგების განცხადებით, ვინაიდან მსოფლიო დათბობას განიცდის, ეს ფაქტი ძლიერ შემაშფოთებელია.

„რომ ახალი სოკოვანი პათოგენების საფრთხე და მნიშვნელობა სერიოზულად არ არის შეფასებული. ტემპერატურაზე დამოკიდებულმა მეტაგენეზმა სოკოებში შეიძლება განაპირობოს პრეპარატებისადმი რეზისტენტულობა და ჰიპერვირუსულობა, რაც მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ გლობალურ დათბობას შეუძლია ხელი შეუწყოს ახალი სოკოვანი ინფექციების ევოლუციას“, — წერენ მკვლევრები.

სოკოვანი ინფექციებით მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 3,75 მილიონი ადამიანი კვდება, მიუხედავად იმისა, რომ სოკოების სახეობათა უმეტესობას იმაზე ნაკლები ტემპერატურა მოსწონს, ვიდრე ჩვენს სხეულს აქვს.

წინა კვლევების თანახმად, იმის გამო, ის გარემოება, რომ სოკოები იძულებული არიან უფრო თბილ გარემოს შეეგუონ, სრულიად ცვლის მათ ფიზიოლოგიას.

ბოლო პერიოდში მეცნიერებმა გამოავლინეს ჩვენთვის ცნობილი პირველი სოკო, რომელიც პათოგენის სახით კლიმატის ცვლილების გამო გაჩნდა — Candida auris-ი. სითბოსადმი ტოლერანტული ხდებიან სხვა სოლოებიც, მაგალითად C. auris-ი და შესაბამისად, სულ უფრო მეტი სოკოსთვის გახდება ძუძუმწოვართა სხეული ერთგვარი თავშესაფარი, სადაც მათ აყვავება-აღორძინება შეეძლებათ.

ჰუანგმა და მისმა ჯგუფმა ჩინეთის 96 სხვადასხვა საავადმყოფოს 2009-2019 წლების ჩანაწერები შეისწავლა და გამოავლინა სოკოების ჯგუფი, რომლებიც იქამდე არასოდეს იყო ცნობილი ადამიანებში. ორ ერთმანეთთან კავშირში არმყოფ შემთხვევაში დააფიქსირეს სოკო Rhodosporidiobolus-ი.

შტამი NJ103 დააფიქსირეს იმუნიტეტდათრგუნულ 61 წლის კაცში, რომელიც სოკოს საწინააღმდეგო პრპარატებით, ფლუკონაზოლით და კასპოფუნგინით მკურნალობის მიუხედავად, მაინც დაიღუპა მრავალორგანული უკმარისობის გამო. შტამი TZ579 დააფიქსირეს 85 წლის კაცში, რომელიც ფლუკონაზოლით მკურნალობის შემდეგ, სუნთქვის უკმარისობით დაიღუპა.

ამ ორი შტამიდან და სხვა გარემოდან აღებული წყაროებიდან, მკვლევრებმა გამოყვეს Rhodosporidiobolus-ის რვა სხვადასხვა სახეობა და ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურაზე, 37 °C-ზე მოათავსეს ლაბორატორიაში. R. fluvialis-მა და R. nylandii-მ სიცხეს კარგად გაუძლეს. R. fluvialis-ის შემთხვევაში კი, ცხელმა გარემომ განაპირობა ამ ერთუჯრედიანი საფუვრის გადართვა უფრო აგრესიულ, კოლონიურ ფსევდოჰიფალურ ფაზაში.

თაგვებში შეყვანის შემდეგ, ორივე სახეობა ერთნაირად აღორძინდა.

ფსევდოჰიფალურ ფორმაში, R. fluvialis-ი თბილ გარემო პირობებში არა მხოლოდ აღორძინდა, არამედ უფრო რეზისტენტული გახდა იმუნური მაკროფაგი უჯრედებისადმი და იმის ნაცვლად, რომ მათი მსხვერპლი გამხდარიყო, თავად დახოცა ბევრი მათგანი. ამას გარდა, R. fluvialis-ი და R. nylandii და რეზისტენტულები არიან სოკოს საწინააღმდეგო სამი ყველაზე გავრცელებული პრეპარატისადმი — ფლუკონაზოლის, კასპოფუნგინის და ამფოტერიცინი B-სადმი.

„R. fluvialis-ი მგრძნობიარეა 5-ფტოროციტოზინის მიმართ; თუმცა, დავადგინეთ, რომ R. fluvialis-მა შეძლო სწრაფად გამოემუშავებინა 5-ფტოროციტოზინის მიმართ რეზისტენტული მუტანტები. სრულ რეზისტენტულობამდე მისვლისათვის საჭირო დრო თვალშისაცემი იყო“, — წერენ მკვლევრები.

ჰუანგმა და მისმა კოლეგებმა მიაგნეს ერთ ნივთიერებას, რომელსაც Rhodosporidiobolus-ი ადვილად ვერ მოერგო. ესაა polymyxin B — FDA-ს მიერ დამტკიცებული ბაქტერიციდი (ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალება). სამწუხაროდ, ეს პრეპარატი ტოქსიკურია ნეირონებისა და თირკმლის უჯრედებისთვის.

გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, ასეთმა მორფოლოგიურმა ცვლილებებმა მომავალში შეიძლება გაზარდოს სახიფათო სოკოებთან კონტაქტის რისკი. შესაბამისად, გადაუდებლად საჭიროა უფრო მეტი ფუნგიციდი.

კვლევა Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.