„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ოფისთან უცნობმა პირებმა ნაგავი მიიტანეს და კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ოფისთან გვიან ღამით უცნობმა პირებმა ნაგავი მიიტანეს და კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. წარწერები იმ სახლის სადარბაზოს კედლებზეა გაკეთებული, რომელშიც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ოფისი მდებარეობს.
პარტიის წევრების თქმით, ისინი ვარაუდობენ, რომ აღნიშნული იმ პერფომანსის საპასუხოდ მოხდა, რომელიც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართეს.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, ნიკა მოსიაშვილის განცხადებით, შენობა, რომელშიც მათი ოფისია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
„ახლა რაც ჩვენ, ყველამ ერთად ვნახეთ, ყველაზე სამარცხვინო და ამაზრზენი რაღაცაა, რაზეც ხელისუფლება შეიძლება, წავიდეს. სადარბაზოში შემოიტანეს ნაგავი და დაყარეს, ფოტოები გამოფინეს, წარწერებით არის აჭრელებული მთელი სადარბაზოს კედლები. ჩემი პარტიის სახელით ბოდიშს ვუხდი ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ეს მარტო ჩვენი ოფისის სადარბაზო არ არის, ეს საერთო საცხოვრებელია. არ შეიძლება, ასე უზრდელურად დააზიანო სხვისი საკუთრება. თან ეს სახლი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ჩვენ აქ კონდიციონერიც კი არ დაგვადგმევინეს და ხელისუფლების წარმომადგენლებმა რას დაამსგავსეს აქაურობა. ცხადია, ეს არის პასუხი, რაც ჩვენს აქტიურობას მოჰყვა. კერძოდ, სუს-თან გამართულ პერფორმანსს, სადაც ნაგავი მივიტანეთ. ასე დაგვიბრუნეს, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. ხელისუფლება თუ იმას ფიქრობს, რომ ამ ძალიან სასაცილო ქმედებით შეგვაშინებენ და შეგვაჩერებენ, პირობას ვაძლევთ ამ ხალხს, რომ ჩვენ ძალიან კრეატიული ხალხი ვართ და ჩვენც მოვიფიქრებთ რაღაცებს, არ დაგტოვებთ გულნატკენებს, ბევრ გასართობს მოგცემთ კიდევ“, – განაცხადა ნიკა მოსიაშვილმა.