„გირჩი - მეტი თავისუფლება“ თბილისის საკრებულოს სიის პრაიმერისს მართავს
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს სიის პრაიმერისს მართავს. სია მათ პორტალზე ხმის მიცემის საშუალებით დაკომპლექტდება. ხმის მიცემის პროცედურა 09:45 საათიდან დაიწყო და 19:45 საათამდე გასტანს. არჩევანი პარტიის პორტალზე რეგისტრირებულმა წევრებმა უნდა გააკეთონ, რომელთაც ტექნიკურად დარიცხული აქვთ დემოკრატიული და ასევე მერიტოკრატიული ქულები.
პარტიის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა მოსიაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატების რეიტინგები დემოკრატიული და მერიტოკრატოული ქულების საშუალო მაჩვენებლით გამოითვლება.
„რომ განვმარტოთ, დემოკრატიული კომპონენტი ნიშნავს საიტზე დარეგისტრირებულ ადამიანს, რომელსაც ავტომატურად ენიჭება დემოკრატიული ხმის მიცემის უფლება და მეორე ნაწილი, ჩვენი შემომწირველები, რომლებიც შემოწირულობის სანაცვლოდ იღებენ მერიტოკრატოიულ ქულებს. ეს ადამიანები სწორედ ამ ქულების საშუალებით იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ქულებს ანიჭებენ სასურველ კანდიდატებს“, – ამბობს ნიკა მოსიაშვილი.
თბილისის საკრებულოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი ანა ჩიქოვანი ამბობს, რომ პრაიმერისით გამოვლინდება ადგილების თანმიმდევრობა, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს სიაში. პრაიმერისში სულ ექვსი კანდიდატი მონაწილეობს.
„აქამდე გვქონდა თბილისის მაჟორიტარობის გამოსავლენი პრაიმერისები და ასევე პრაიმერისი გვექნება ორ მუნიციპალიტეტში, ქუთაისსა და გორში, სადაც ორ-ორი ადამიანი დაუპირისპირდება ერთმანეთს“, – აცხადებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი კანდიდატი ანა ჩიქოვანი.
პარტიაში „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძეც პრაიმერისის გზით შეარჩიეს.