GIPA-ს წარმომადგენელი - ჩვენი საბაკალავრო პროგრამის სააკრედიტაციო პროცესი არაკონსტრუქციული იყო
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) შეფასების სამსახურის უფროსის, ანანო გორგოძის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ GIPA-ს საბაკალავრო პროგრამასთან მიმართებით მიიღო, შეუსაბამო იყო.
მისივე თქმით, უნივერსიტეტმა არგუმენტირებული პოზიცია სააპელაციო საბჭოში უკვე შეიტანა და საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება.
„ჩვენ არ ვეთანხმებით საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროცესუალურ ნაწილში და შევიტანეთ აპელაციაზე. სააპელაციო საბჭო განიხილავს განაცხადს. ეს არის ის საკითხი, რომელიც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნაწილია და მივყვებით პროცესს დეტალურად. მინდა, მკაფიოდ ავღნიშნო, რომ არგუმენტირებული პოზიცია შევიტანეთ სააპელაციო განაცხადში. იმ პროგრამაზე, რომელზეც უარი გვეთქვა, იყო დასკვნა, რომელიც მოგვეცა ოთხ სტანდარტთან მიმართებით. ამ პროგრამას ჰქონდა დადებითი გადაწყვეტილება და ერთთან მიმართებით იყო ნაწილობრივი შეუსაბამობა, რომელიც განივრცო. თვითონ პროცესი იყო ჩვენთვის არაკონსტრუქციული. საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება იყო პოზიტიური, ხოლო საბჭოს გადაწვეტილება არ იყო პოზიტიური. ახლა განხილვა სააპელაციო საბჭოს დღის წესრიგშია და ველოდებით ამ განხილვის პროცესს“, – განაცხადა ანანო გორგოძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის GIPA-ს კიდევ ერთი საბაკალავრო პროგრამის სააკრედიტაციო პროცესი მიმდინარეობს, რომელთან დაკავშირებითაც უნივერსიტეტი ექსპერტების დასკვნას არ ეთანხმება, თუმცა საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.
„რაც შეეხება უკმაყოფილებას, კიდევ ერთი, სხვა საბაკალავრო პროგრამის სააკრედიტაციო პროცესი მიმდინარეობს. ექსპერტების დასკვნა, რომელიც ჩვენ მოგვეცა, აბსოლუტურად არაადეკვატური იყო, შინაარსობრივად არ პასუხობდა იმ დოკუმენტებს, რაც ჩვენ წარვადგინეთ. პროგრამის დასკვნა არის ჯერჯერობით და არა საბოლოო გადაწყვეტილება. თუმცა, დასკვნა, თავისი შინაარსით, ჩვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისი არ არის. ეს პროცესი მიმდინარეა. სამართლის პროგრამაზე ჯერჯერობით მხოლოდ კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა. სამართლის პროგრამა ახლა საბჭოს სხდომას ელოდება“, – აღნიშნა GIPA-ს შეფასების სამსახურის უფროსმა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ (GIPA) ერთი საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა, დღეს განმარტება ცენტრის დირექტორმა, თამარ სანიკიძემ გააკეთა.