პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - წარმოუდგენელია, თბილისის სასულიერო აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - წარმოუდგენელია, თბილისის სასულიერო აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს სასულიერო აკადემიაში და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ადგილი ძალადობას, – ასე უპასუხა სასულიერო აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულების მიერ პატრიარქისთვის გაგზავნილ ღია წერილს, რომელშიც სტუდენტები სასულიერო აკადემიაში არსებულ უმძიმეს სიტუაციაზე საუბრობენ.

როგორც ზვიადაძემ აღნიშნა, სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება ინტერნეტში დევს და მისი წაკითხვა ყველას შეუძლია. მისი თქმით, სასულიერო აკადემიაში მოღვაწეობენ და მუშაობენ სახელოვანი მეცნიერები, შესაბამისად, აკადემიაში ძალადობას არ აქვს ადგილი.

„სასულიერო აკადემია არის უშუალოდ პატრიარქის ყურადღების ქვეშ. მე არ შემიძლია იმაზე ვისაუბრო, თუ რაში სჭირდებათ სტუდენტებს ეს ყველაფერი, თუ არ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც არის დაინტერესებული, მოახდინოს დესტაბილიზაცია. ძალიან მარტივია ყველაფრის გარკვევა. რადგან სკოლა ეკლესიის წიაღშია შექმნილი, წარმოუდგენელია იქ რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

პროტოპრესვიტერის თქმით, სასულიერო აკადემია არის ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო, საღვთისმეტყველო დაწესებულება, რომელსაც აქვს თავის მიზნები და ამ მიზნებს კარგად ასრულებს.

„აკადემია გააგრძელებს თავის საქმიანობას, რომელიც დაკისრებული აქვს პატრიარქისა და მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ. როდესაც პატრიარქმა აკადემია გახსნა, მან თქვა, რომ ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს. ეს აკადემია უნდა გახდეს სამეცნიერო ცოდნის და რწმენის ადგილი და თბილისის სასულიერო აკადემია ამ ამოცანების ერთგულია“, – განაცხადა თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორმა, გიორგი ზვიადაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს ღია წერილით მიმართეს. როგორც კურსდამთავრებულები წერილში აღნიშნავენ, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, უმძიმესი მდგომარეობაა.

სტუდენტების საპასუხოდ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ განცხადება გაავრცელა.