ირაკლი კობახიძე - ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის სასულიერო აკადემიის დაარსება ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა იყო
ირაკლი კობახიძე - ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის სასულიერო აკადემიის დაარსება ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა იყო

ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის სასულიერო აკადემიის დაარსება ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა იყო. ეს იყო ჩვენი ეკლესიის აღმავლობის განსაკუთრებული ნიშანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს.

„მინდა, ყველას გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა – თბილისის სასულიერო სემინარიის დაარსების 30 წლისთავი. სასულიერო სემინარია ჩვენი ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებასთან ერთად დაარსდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო შეთხვევითი მოვლენა და უბრალოდ დამთხვევა. ისტორიულად ჩვენი ეკლესიის გაძლიერებას ყოველთვის ფეხდაფეხ მისდევდა ხოლმე ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარება და წინსვლა. ჩვენი და ეკლესიის უწმინდესისა და უნეტარესის ძალისხმევა მუდამ მიმართული იყო როგორც სამოციქულო ეკლესიის აღორძინებისკენ, ისე ჩვენი ეროვნული აღორძინებისკენ და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის უზრუნველყოფისკენ.

ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის სასულიერო აკადემიის დაარსება ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა იყო. ეს იყო ჩვენი ეკლესიის აღმავლობის განსაკუთრებული ნიშანი და ჩვენი თაობა ბედნიერია, რომ ვცხოვრობთ ეკლესიას აღორძინებისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა-განმტკიცების ეპოქაში. ამაში ჩვენს დედა ეკლესიას, პატრიარქსა და სასულიერო აკადემიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიის უმთავრესი ამოცანა არის თავისუფლების შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება და ასევე საზოგადოების ინტელექტუალური და სულიერი გაძლიერება.

„ამ მიზნების განხორციელებაში სასულიერო აკადემიას რა თქმა უნდა, უდიდესი როლის შესრულება შეუძლია. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი იუბილე, აკადემიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. მინდა, გისურვოთ წინსვლა და წარმატებები ჩვენი საზოგადოების სულიერი და ინტელექტუალური გაძლიერების საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის სასულიერო აკადემია დაარსების 30 წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ესწრებიან.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 1988 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.