გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებულ რიტორიკაში არ შევყვები, რადგან ამით თავის მართლება მიუღებელია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებული განცხადებებით ცდილობს თავის გამართლებას.
„მეც არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთვევაში ამ რიტორიკაში არ შევყვები, რადგან საძაგელი ქმედების ჩამდენი „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ტიპის საკითხებით თავის მართლება კატეგორიულად მიუღებელია.
მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ ნინო ბურჯანაძე იყოს ხელისუფლებაში. მე ვიბრძვი იმისთვის, რომ დემოკრატიული, პროდასავლური ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში. მე ბურჯანაძის თანამონაწილე და კოალიციური პარტნიორი არ ვყოფილვარ და არც ვარ.
ისე, შეგახსენებთ, კობახიძეს ბურჯანაძეზე რომ საუბრობს, ყველაზე მეტად უნდა რცხვენოდეს, მამამისი ბურჯანაძის პარტიის წევრი იყო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე შეფასებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გადაადგილების შეზღუდვის გამო სახლებში არიან, ვლადიმერ პოზნერსა და მის სტუმრებს ქეიფის შესაძლებლობა მიეცათ.
„გუშინ ხელისუფლება მოიქცა საძაგლად, როცა ამ ადამიანებს უფლება მისცა, დაერღვიათ კარანტინი, დაერღვიათ ყველა შეზღუდვა. მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა კომენდანტის საათით სახლში ვართ გამოკეტილი, მათ ტაშფანდურის და ქეიფის შესაძლებლობა მიეცათ. ეს არის უმაღლეს დონეზე შეთანხმებული ქეიფი. ჩემთვის ყველაზე სამარცხვინო არის ეს, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ასეთ ადამიანებს პრივილეგიები მისცა.
ყველა საკითხი, რომელიც ჩამოთვლილია „ქართული ოცნების“ მხრიდან სხვადასხვა პოლიტიკოსზე, არის იაფფასიანი თავის მართლება ამ ბინძური ქმედების გასაპრავებლად. ჩემთვის ამ განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე მათ ვთხოვ კონკრეტულ პასუხს, რატომ მისცეს პრივილეგიები, რატომ ჩათვალეს, რომ ადამიანები, რომელთაც გაკეთებული აქვთ საქართველოსთვის საზიანო განცხადებები, საქართველოში პრივილეგირებული უნდა იყვნენ. ამაზე მაქვს კითხვა მთელ მმართველ გუნდთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამათან, ვაშაძემ დასძინა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეზე შეზღუდვების დაწესებას არ ეთანხმება.
ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.
აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა. ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.
„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.