გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ მძიმე დღე ელოდება ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამას აუცილებლად დაინახავთ
პირდაპირ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელოდება ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამას აუცილებლად დაინახავთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის სანქციების საკითხზე.
„ვისაუბრეთ გამოძიების მექანიზმებზე, ყველაფერზე, მათ შორის, სანქციებზე, ევროპის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე, მაგრამ ვისაუბრეთ ისეთ ახალ მექანიზმებზე, რომლებზეც ჯერ საჯაროდ საუბარს არ ვაპირებთ. საზოგადოება დაინახავს, რომ გვაქვს მკაფიო გეგმა, საბოლოო ჯამში, როგორ მივაღწიოთ სამართლიანობას, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. პირდაპირ ვამბობ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელოდება ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამას აუცილებლად დაინახავთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ევროპელი პარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ.
„ისინი საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ. ხელისუფლება ამაზე უარს როცა ამბობს, კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, ცდილობენ, დაფარონ საკუთარი ორგანიზებული სისტემური დანაშაული, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.