გიორგი თაბაგარი - როდესაც რუსული ინტერესების გამტარებლები ახდენენ სიძულვილის ჯგუფების მობილიზებას, სახელწიფოს პასუხი არ შეიძლება, იყოს ჩვენი გადამალვა
როდესაც რუსული ინტერესების გამტარებელი ჯგუფები ახდენენ სიძულვილის ჯგუფების მობილიზებას და პირდაპირ ემუქრებიან სახელმწიფოს, სახელწიფოს პასუხი არ შეიძლება, იყოს ჩვენი გადამალვა, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ პრაიდი არ ჩატარდეს, გიორგი თაბაგარმა აღნიშნა, რომ საუბარი არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემაზე და საკითხი უფრო მასშტაბურია.
„ის, რაც ხდება, არ არის მხოლოდ ამ ადამიანების პრობლემა. საუბარია სახელმწიფოს ინსტიტუციების ჩამოშლაზე. საუბარია სახელმწიფოზე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ელემენტარული უფლებების დაცვას ადამიანებისთვის და იმ ფონზე, როცა რუსული ინტერესების გამტარებელი ჯგუფები ახდენენ სიძულვილის ჯგუფების მობილიზებას და პირდაპირ ემუქრებიან სახელმწიფოს, სახელწიფოს პასუხი არ შეიძლება, იყოს ჩვენი გადამალვა, არ შეიძლება, იყოს პასუხისმგებლობების თავიდან არიდება. იმიტომ, რომ ეს ჯგუფები ძლიერდებიან. ეს ჯგუფები არ გვესხმიან თავს მხოლოდ ჩვენ, ისინი ემუქრებიან ემიგრანტებს, ისინი ემუქრებიან ქალებს, სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფებს. ეს ყველაფერი არის დამღუპველი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ზოგადად სახელმწიფოსთვის, რადგან ანგრევს იმ ფუნდამენტს, რასაც უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიული სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
„თბილისი პრაიდის” გამართვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლგბტ ორგანიზაციებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეებთან, ნათია მეზვრიშვილთან და კახაბერ საბანაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აუდიენციისას უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ „თბილისი პრაიდის“ წევრების, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოებაც.