გიორგი შარვაშიძე - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია
გიორგი შარვაშიძე - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ (ENQA) გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე მუშაობა დიდი ხანია. მიმდინარეობს, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდა.

„ოთხ წელიწადზე მეტია, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს და დასრულებას მცირედი აკლია, ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი და ნოემბერში ეს შედგება. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, ეს არის უკვე „ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში“ (EQAR) გაწევრიანება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია აღიარებასთან, კვალიფიკაციების, დიპლომების ცნობასთან და ეს იქნება ერთგვარი დაგვირგვინება ამ პროცესის“, – განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

მისი განმარტებით, ევროპაში ამ მიმართულებით ოთხი ძირითადი აქტორია – „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაცია“ (ENQA), „ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში“ (EQAR), ევროპული სტუდენტური კავშირი და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია, რომელიც გიორგი შარვაშიძის თქმით, ასევე ძალიან აქტიური მონაწილეა ხარისხის აღირებისა კვალიფიკაციების ცნობის პროცესების.

„ასე რომ, ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი და კარგად დავიწყეთ“ – განაცხადა შარვაშიძემ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ წევრიანდება.  განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციის პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის“ (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.