განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ წევრიანდება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ წევრიანდება

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ (ENQA) გაწევრიანებასთან დაკაშირებით დღეს თბილისში ღონისძიება – „ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება“ მიმდინარეობს.

ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მონაწილეობენ. გარდა ამისა, ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, განათლების ექსპერტები და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებიან.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის“ (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდება „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“.

„ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტის დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში დღეს მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტი და პროცედურები. ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადი გააკეთა „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA)“ , რომელიც ევროპაში წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას. მისი წევრობა კი გულისხმობს იმის აღიარებას, რომ საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სტანდარტი და პროცედურები ევროპული სტანდარტისა და პროცედურების შესაბამისია. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის მეტ ინტერნაციონალიზაციას, ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და აღიარებას საერთაშორისო დონეზე“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, განახლებული სტანდარტი და პროცედურები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას, უწყვეტ განვითარებას, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.

სამინისტრო განმარტავს, რომ ასოციაციაში ცენტრის გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში; საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს; უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას; ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში.