გიორგი ქობულია - 50 000-მდე გადამზადებულიდან ყოველწლიურად 70 პროცენტი მაინც რომ დავასაქმოთ, 2025 წლისთვის 500 000-მდე სამუშაო ადგილს შევქმნით
გიორგი ქობულია - 50 000-მდე გადამზადებულიდან ყოველწლიურად 70 პროცენტი მაინც რომ დავასაქმოთ, 2025 წლისთვის 500 000-მდე სამუშაო ადგილს შევქმნით

წლიურად 50 000-მდე ადამიანი რომ გადავამზადოთ და მათგან წელიწადში 70 პროცენტი მაინც დავასაქმოთ, 2025 წლისთვის 500 000-მდე სამუშაო ადგილს შევქმნით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ სასტუმრო „რედისონში“, პროფესიული გადამზადების პროგრამის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქობულიას განცხადებით, პროფესიული გადამზადების პროგრამა რეგიონებში დაიწყება, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურები.

„პროგრამა რეგიონშიც უნდა განვახორციელოთ, მხოლოდ თბილისი არ არის, ეს არის რეგიონებიც. რეგიონებში ხალხის გადამზადება დაგვეხმარება იმაში, რომ იქ გავაძლიეროთ ეკონომიკური საქმიანობა, ბიზნესი. ამ მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს, კიდევ უფრო განვავითაროთ ინფრასტრუქტურა ტრენინგების ჩატარებით“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქონების მართვის სააგენტოსთან დამატებითი შენობა-ნაგებობების გამოყოფის მიზნით.

„მოლაპარაკებები გვაქვს კერძო სტრუქტურებთანაც, რომლებიც დაგვეხმარებიან კამპანიებში, რომ გადამზადების სფეროში მოვიწვიოთ დამატებით სტუდენტები და ორგანიზება გავუკეთოთ გადამზადების კურსებს. ვთვლით, ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, წელიწადში 50 000-მდე გავზარდოთ რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც გვსურს, რომ გადავამზადოთ. გადამზადებულთა რაოდენობა რომ 50 000-მდე ავწიოთ წელიწადში და ამ 50 000-დან წელიწადში 70 პროცენტი მაინც დავასაქმოთ, ჩვენ 2025 წლისთვის შევქმნით 500 000-მდე სამუშაო ადგილს, რაც დამერწმუნეთ, იქნება რევოლუციური საქართველოს ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი შეფასებით, ეს იქნება ქვეყანაში ცხოვრების დონის პრაქტიკულად გაორმაგება, რაც სიღარიბის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

„ეს იქნება ჩვენი ცხოვრების დონის პრაქტიკულად გაორმაგება და რა თქმა უნდა, ძალიან დიდ წილად სიღარიბის აღმოფხვრა ამ ქვეყანაში, ასე რომ, მივესალმები ამ პროგრამას“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.