გიორგი ვაშაძე - მამუკა მდინარაძემ მოიტყუა, თითქოს სამუშაო ადგილები შექმნეს, ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსამდე სამუშაო ადგილები 40 ათასით შემცირდა
გიორგი ვაშაძე - მამუკა მდინარაძემ მოიტყუა, თითქოს სამუშაო ადგილები შექმნეს, ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსამდე სამუშაო ადგილები 40 ათასით შემცირდა

მამუკა მდინარაძემ გუშინდელ დებატებში ბევრი ტყუილი თქვა. პირველი ტყუილი, რომ მათ თურმე სამუშაო ადგილები შეუქმნიათ, თუმცა ოფიციალურ სტატისტიკაში ნათქვამია, რომ კორონავირუსამდე სამუშაო ადგილები 40 ათასით შემცირდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ ხალხს ახლა 200 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას დაპირდეს.

ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე, რატომ ინახავს პრემიერ-მინისტრი ნახევარ მილიონზე მეტს დოლარში, მაშინ, როცა ხალხს მოუწოდებს, ეროვნულ ვალუტას ენდოს.

„გუშინდელ დებატებში ვნახეთ ბევრი ისეთი ტყუილი, რომლითაც ზოგადად „ქართული ოცნება“ საზოგადოებას კვებავს. გიორგი გახარია გაექცა დებატებს, არ მოვიდა. მოვიდა მამუკა მდინარაძე, რომელმაც შვიდი ტყუილი თქვა. პირველი ტყუილი, რომ მათ თურმე ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეუქმნიათ, თუმცა ოფიციალური სტატისტიკაში ნათქვამია, რომ კორონავირუსამდე სამუშაო ადგილები 40 ათასით შემცირდა. დღეს ისევ უნდა დაპირდნენ ხალხს, რომ 200 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნიან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტყუილს არავინ შეჭამს. მეორე ტყუილი, რომ მას თურმე არ აქვს „ომეგას“ ფირმის საათი, თუმცა მას დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ აქვს ამ ფირმის საათი. სწორედ ასე მდიდრდებიან ისინი და ღარიბდება ხალხი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას არ აქვს პასუხი, პრემიერ-მინისტრს ნახევარ მილიონზე მეტი რატომ აქვს დოლარში შენახული, მაშინ როდესაც ჩვენ გვეუბნება, რომ ეროვნულ ვალუტას უნდა ვენდოთ. და მთავარ კითხვაზე არ აქვს პასუხი „ქართულ ოცნებას“ – როგორ უნდა ვენდოთ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც ხალხს ეუბნება, რომ ლარი ჯანმრთელია, ლარს უნდა ვენდოთ და თვითონ პირადად არ ენდობა, არც ერთი თეთრი არ აქვს შენახული ლარში. სწორედ ამიტომ არ მოვიდა ბატონი გახარია დებატებში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მასთან დებატებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ვაშაძის თქმით, მას შეუძლია, დებატებისთვის ნებისმიერ ადგილზე მივიდეს და საზოგადოებას გახარიას ნამდვილი სახე აჩვენოს.