თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ გიორგი ონიანის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა.
„განაჩენი სრულიად უკანონო იყო, საქმეში არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, უფრო მეტიც, დაცვის მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებები, რომ გიორგი ონიანის მიმართ პროკურატურა დისკრიმინაციულად მოქმედებდა. ადგილი ჰქონდა მოწმეებზე ზეწოლით ჩვენების მიცემას და სხვა უკანონო ფაქტებს“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ადვოკატ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს.