გიორგი ონიანი - გაუგებარია, რატომ არ მეძლევა უფლება, ჩემ მიმართ შინაპატიმრობა იყოს გამოყენებული
გიორგი ონიანი - გაუგებარია, რატომ არ მეძლევა უფლება, ჩემ მიმართ შინაპატიმრობა იყოს გამოყენებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულ გიორგი ონიანის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილება მის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

გიორგი ონიანმა მოსახდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი საბჭოს უარი გაასაჩივრა.

„ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი და ჩემს მიმართ უნდა გამოყენებულიყო შინაპატიმრობა. თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა საბჭომ, გაურკვეველი მიზეზების გამო, უარი განაცხადა ჩემი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

არ ვარ არც მაღალი რისკის და არც მომეტებული რისკის მქონე პატიმარი და გაუგებარია, რატომ არ მეძლევა უფლება, გამოყენებული იყოს ჩემ მიმართ შინაპატიმრობა“,- განაცხადა ონიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ონიანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ონიანს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციომ სასჯელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეცვალა, რის შედეგადაც გიორგი ონიანი სასჯელის ორ წელს პატიმრობაში, ორ წელსა და ექვს თვეს კი პირობითი მსჯავრით მოიხდის.