ადვოკატი - გიორგი ონიანის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენებაზე შესაბამისი საბჭო ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს
ადვოკატი - გიორგი ონიანის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენებაზე შესაბამისი საბჭო ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს

მსჯავრდებული გიორგი ონიანის ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენებაზე შესაბამისი საბჭო იმსჯელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულ გიორგი ონიანის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილებოდა მის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. გიორგი ონიანმა მოსახდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი საბჭოს უარი გაასაჩივრა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, საკითხის განხილვა ერთი თვის ვადაში მოხდება.

„გიორგი ონიანთან დაკავშირებით დღეს მიღებული გადაწყვეტილების არსი შემდეგში მდგომარეობს – სასამართლომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან არსებულ აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს, რომელიც შინაპატიმრობის გამოყენების საკითხებს იხილავს, უთხრა, რომ გიორგი ონიანის საკითხის განხილვის დროს შესაბამისი გარემოებები ჯეროვნად არ იქნა გამოკვლეული და ობიექტური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

ამიტომ, ამ საკითხზე მსჯელობა ხელახლა დაავალა. ადმინისტრაციული სასამართლო პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, კანონმდებლობით ეს შეზღუდულია, მაგრამ სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდა, ემსჯელა, რამდენად ობიექტური გადაწყვეტილება იყო დამდგარი გიორგი ონიანთან დაკავშირებით, რადგან ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა, ანუ საბჭომ გადახედოს ონიანთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს იმას, რომ საბჭომ ხელახლა უნდა შეაფასოს იმ საკითხების გათვალისწინებით, რაც სასამართლო პროცესზე იქნა გამოკვლეული“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ონიანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ონიანს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციომ სასჯელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეცვალა, რის შედეგადაც გიორგი ონიანი სასჯელის ორ წელს პატიმრობაში, ორ წელსა და ექვს თვეს კი პირობითი მსჯავრით მოიხდის.